სხვადასხვა

“ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში“ ენერგოეფექტურობის შესახებ ცნობიერების ამაღლების “ენერგო-სმარტის” შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის “საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის პროგრამა“ (GESRP) ფარგლებში, ქუთაისში, “ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში“ ენერგოეფექტურობის შესახებ ცნობიერების ამაღლების რეგიონალური კამპანიის “ენერგო-სმარტის” შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.

ენერგოეფექტურობის შესახებ ცნობიერების ამაღლების 3-თვიანი კამპანია, რომელიც 2025 წლის 1 მარტს დაიწყო, ადგილობრივი საინიციატივო ჯგუფის – “ენერგო-სმარტის“ მიერ განხორციელდა და მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში ენერგიის დაზოგვის ევროპული პრაქტიკის დანერგვას, მის წახალისებას, ცნობიერების ამაღლებასა და პრაქტიკული უნარების ჩამოყალიბებას.

კამპანიაში, საინიციატივო ჯგუფთან ერთად, იმერეთის რეგიონიდან 6 სკოლა, 60-მდე მოსწავლე და სამოქალაქო განათლების პედაგოგები იყვნენ ჩართული. კერძოდ, ქუთაისისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტების შემდეგი სკოლები:
▪ ქუთაისის №21-ე საჯარო სკოლა;
▪ აფხაზეთის №5 საჯარო სკოლა;
▪ ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესი“;
▪ თერჯოლის №1 საჯარო სკოლა;
▪ კერძო სკოლა „მზეკაბანი“;
▪ სოფ. სიქთარვის საჯარო სკოლა.

შემაჯამებელ ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო მოსწავლეების მიერ, კამპანიის განმავლობაში ენერგოეფექტურობის თემაზე შექმნილი პროდუქტები: თემატური პოსტერები, ენერგოეფექტური ტექნოლოგიების მინი მოდელები და მაკეტები. ასევე, საინიციატივო ჯგუფის მიერ შექმნილი, თემატური, საგანმანათლებლო სამაგიდო თამაში „ენერგო-სმარტი“.

საზეიმო ღონისძიებაზე, ტექნოლოგიური მინი-მოდელები, საინფორმაციო პოსტერები და ინტერაქტიული თამაში „ენერგო-სმარტი“ გადაეცა მონაწილე სკოლებს, როგორც სასწავლო რესურსი, რომელიც მომავალში ხელს შეუწყობს ენერგოეფექტურობის თემატიკის სისტემურ დანერგვას, სასკოლო პროგრამებსა და არაფორმალურ განათლებაში. ხოლო მიღებულმა ცოდნამ და პრაქტიკულმა გამოცდილებამ, მოსწავლეებს არა მხოლოდ გარემოზე ზრუნვისადმი დამოკიდებულება შეუცვალა, არამედ მისცა მათ რეალური შესაძლებლობა, გახდნენ ცვლილებების ინიციატორები საკუთარ სკოლებში, თემებში და მომავალ პროფესიებში.

კამპანიაში ჩართულ მოსწავლეებს ასევე გადაეცათ მონაწილეობის სერტიფიკატები, სკოლებს კი საინფორმაციო პოსტერები, რომლებიც ენერგიის დაზოგვის პრაქტიკულ რეკომენდაციებს ასახავს.