25 ნოემბერს, „ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში“ არსებული კონფუცის კლასის სამეურვეო საბჭოს მესამე სხდომა ონლაინ ფორმატში გაიმართა. მონაწილეებმა გასული წლის საქმიანობა შეაჯამეს, განიხილეს მომავალი განვითარების სტრატეგია და შეთანხმდნენ თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებებზე.
სხდომაზე „ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის“ რექტორმა გოჩა თუთბერიძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა კონფუცის კლასის მიერ მიღწეულ პროგრესზე, ჩინური ენის სწავლების, კულტურის პოპულარიზაციისა და საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერების კუთხით. მან აღნიშნა, რომ კონფუცის კლასი მნიშვნელოვან როლს ასრულებს, უნივერსიტეტის საერთაშორისოიზაციის პროცესში და სტუდენტების კულტურული კომპეტენციების განვითარებაში.
სინძიანგის მედიცინის უნივერსიტეტის პარტიის კომიტეტის მოადგილემ სუნ ჰუნსინმა ხაზგასმით აღნიშნა მრავალწლიანი მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობა და გამოყო ტრადიციული ჩინური მედიცინისა და სამედიცინო განათლების სფეროები, როგორც თანამშრომლობის გაფართოების პოტენციალი.
სხდომის ფარგლებში ერთხმად დამტკიცდა შეთანხმება „კონფუცის კლასის მართვის სფეროში თანამშრომლობის გაგრძელების შესახებ“, რომელიც მომდევნო წლებში ერთობლივი პროექტებისა და საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებას უზრუნველყოფს.
საბჭოს წევრებს კონფუცის კლასის დირექტორმა დენ ნინმა წარუდგინა წლიური ანგარიში, ხოლო კონფუცის კლასის დირექტორმა გიორგი დათუაშვილმა ფინანსური ანგარიში. ორივე დოკუმენტმა წარმოაჩინა სტუდენტთა რაოდენობის ზრდა, სასწავლო პროცესის გაუმჯობესება და განხორციელებული ინიციატივების პოზიტიური შედეგები.
კონფუცის კლასის სამეურვეო საბჭოს მესამე სხდომა, კიდევ ერთხელ მიუთითებს სინძიანგის მედიცინის უნივერსიტეტსა და ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტს შორის სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებაზე და ქმნის ბაზას, მომავალი ერთობლივი საგანმანათლებლო, კულტურული და კვლევითი თანამშრომლობისთვის.