საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი” ERASMUS+ CBHE 2025-ის გამარჯვებულია

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი” ევროკავშირის 2025 წლის ERASMUS+ CBHE ( Capacity Building in Higher Education)  კონკურსის გამარჯვებული გახდა, პროექტის – „საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში კვლევისა და ინოვაციების შესაძლებლობების გაძლიერება“ (ERIC-GE) ფარგლებში.

პროექტს კოორდინაციას გაუწევს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტი “ტექინფორმი“, რომელიც ქართულ და ევროპულ პარტნიორ უნივერსიტეტებთან ერთად უზრუნველყოფს თანამედროვე სასწავლო კურსებისა და ინოვაციური ტრენინგპროგრამების დანერგვას.

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტისთვის” აღნიშნული გამარჯვება წარმოადგენს განსაკუთრებულ შესაძლებლობას, განამტკიცოს თავისი კვლევითი და საგანმანათლებლო პოტენციალი, გაიღრმაოს საერთაშორისო თანამშრომლობა და ევროპული სტანდარტების შესაბამისად განავითაროს ახალი აკადემიური პროგრამები.

ERIC-GE პროექტის ფარგლებში, “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი” აქტიურად იქნება ჩართული მეცნიერების მენეჯმენტის მოდერნიზებაში, ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და ახალგაზრდა მკვლევრებისა და სტუდენტების შესაძლებლობების გაძლიერებაში.

პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით მომდევნო ორ წელს განხორციელდება და მასში მონაწილეობს ექვსი ქართული და ორი ევროპული უნივერსიტეტი. მისი მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს კვლევისა და ინოვაციების საერთაშორისო ინტეგრაციას, რაშიც “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი” ერთ-ერთ წამყვან როლს ითამაშებს.