საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” ასისტენტ-პროფესორი “ვისტულას უნივერსიტეტში“ სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა

2025 წლის 5-9 მაისს, ასისტენტ-პროფესორი მალხაზ ძაძუა სამუშაო ვიზიტით პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში, “ერაზმუს+” პროგრამის ფარგლებში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში იგი მონაწილეობდა „ვისტულას უნივერსიტეტში“ გამართულ საერთაშორისო კვირეულში – International Sustainability Week, რომელიც მიეძღვნა გლობალური მდგრადობის გამოწვევების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და ინოვაციური, მდგრადი გადაწყვეტილებების ხელშეწყობას.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს როგორც აკადემიური წრის წარმომადგენლებმა და სტუდენტებმა, ასევე დიპლომატიური მისიის წევრებმა, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა, ახალგაზრდულმა და გარემოსდაცვითმა ორგანიზაციებმა.

პროგრამის ფარგლებში ასისტენტ-პროფესორმა მალხაზ ძაძუამ წაიკითხა ორი ღია ლექცია თემაზე – „მწვანე დაფინანსების როლი მდგრად განვითარებაში“. ლექციების დროს მიმოხილული იყო მწვანე დაფინანსების თანამედროვე ტენდენციები, არსებული გამოწვევები და ბაზარზე არსებული შესაძლებლობები.
აღსანიშნავია სტუდენტთა მაღალი ჩართულობა და დაინტერესება თემის მიმართ. დისკუსიებისას გამოიკვეთა ახალი ინიციატივების განვითარებისა და ახალგაზრდების აქტიური ჩართვის აუცილებლობა მდგრადი განვითარების პროცესში.

აღნიშნული ვიზიტი წარმოადგენს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს უნივერსიტეტის საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისა და გლობალური საუნივერსიტეტო ქსელებში ინტეგრაციისკენ.