საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” დოქტორანტებმა ბულგარეთში დოქტორანტთა საზაფხულო სკოლაში მიიღეს მონაწილეობა

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის“ დოქტორანტებმა – ბედიკა ჩხეტიანმა, სალომე კარჩხაძემ და მარიამ ჩაკვეტაძემ ბულგარეთში გამართულ პირველ დოქტორანტთა საზაფხულო სკოლაში მიიღეს მონაწილეობა, რომელსაც წმინდა კირილე და მეთოდიუსის სახელობის ველიკო ტარნოვოს უნივერსიტეტმა უმასპინძლა.

საზაფხულო სკოლის მრავალფეროვანი პროგრამა მოიცავდა ლექციებს, ვორქშოპებს და ინტერაქტიურ სესიებს წამყვანი მეცნიერების ხელმძღვანელობით. დოქტორანტები გაეცნენ ბულგარეთის ისტორიას, კულტურასა და ხელოვნებას, ისაუბრეს ხელოვნური ინტელექტის როლზე განათლებაში, შეისწავლეს აკადემიური სტატიების გამოქვეყნების სტრატეგიებსა და ეზიარნენ სოციალური მედიის როლს სამეცნიერო საქმიანობაში.

დოქტორანტებმა ასევე წარადგინეს თავიანთი კვლევითი პროექტები, იმსჯელეს მეთოდოლოგიურ გამოწვევებზე და მიიღეს მნიშვნელოვანი უკუკავშირი როგორც კოლეგების, ასევე მოწვეული პროფესორების მხრიდან.

შეხვედრები 2025 წლის 16 ივნისიდან 20 ივნისის ჩათვლით გაიმართა და მან გააერთიანა ახალგაზრდა მკვლევრები ევროპის, კავკასიისა და ჩრდილოეთ აფრიკის მასშტაბით აკადემიური გაცვლის, თანამშრომლობისა და პროფესიული განვითარების კვირეულისთვის.

დოქტორანტთა საზაფხულო სკოლა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის“ დოქტორანტებისათვის, რომლებიც საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში საკუთარი კვლევების წარმოჩენასა და ევროპული მეცნიერების უახლესი ტენდენციების შესწავლაზე აქტიურად მუშაობენ.