“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელმა თათია დოლიძემ 12-16 მაისს ბრატისლავაში, კომენიუსის უნივერსიტეტში ჩატარებულ საერთაშორისო კვირეულში “ინტერნაციონალიზაციის დინამიკა” მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიებაზე ევროპის სხვადასხვა წარჩინებული უნივერსიტეტიდან ჩამოსული ერაზმუსოფიცრები და სხვა ადმინისტრაციული თუ აკადემიური პერსონალი აზიარებდნენ გამოცდილებას, ავითარებდნენ პარტნიორობას და განიხილავდნენ უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის საკითხებს.
კვირეულის განმავლობაში ყურადღება გამახვილდა ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა სტუდენტების ჩართულობა, კომუნიკაციის სტრატეგიები, საერთაშორისო მობილობა და ინკლუზიურობა. გაიმართა სამუშაო შეხვედრები, ინტერაქტიული სესიები და განხილული იქნა კოლეგების რეალური გამოცდილება, რათა გაძლიერებულიყო “ერაზმუს+” პროგრამა და საერთაშორისო ურთიერთობები.
თათია დოლიძემ “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” ინტერნაციონალიზაციის გამოცდილება გაუზიარა კოლეგებს, განსაკუთრებით აღნიშნა მობილობის ხელშეწყობის, ონლაინ კომუნიკაციისა და სტუდენტების მხარდაჭერის მეთოდები. მისმა გამოსვლამ დიდი ინტერესი გამოიწვია და აქტიური განხილვა დაიწყო პატარა უნივერსიტეტების საჭიროებებსა და შესაძლებლობებზე ძლიერი საერთაშორისო კავშირების დამყარების გზაზე.
კვირეულის განმავლობაში უამრავი სასარგებლო შეხვედრა გაიმართა: იყო საუბარი ეფექტური რეკლამის მეთოდებზე, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე სტუდენტების მხარდაჭერაზე, სტუდენტების ფსიქოლოგიური ჯანმრთელობაზე. მონაწილეები კულტურულ ღონისძიებებშიც ჩაერთნენ, რაც არაჩვეულებრივი შესაძლებლობა იყო არაფორმალური ურთიერთობების დასამყარებლად და ადგილობრივი ტრადიციების გასაცნობად. მათ იმოგზაურეს მოდრაში, სადაც თიხის ნაკეთობები მოხატეს და ეწვივნენ შენკვიცეს მარანს, სადაც სლოვაკური ღვინო დააგემოვნეს.
“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობა ადასტურებს, რომ უნივერსიტეტი ზრუნავს საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერებასა და გლობალური განათლების განვითარებაზე.