მიმდინარე წლის 24 ივლისს, “ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტს” “ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის” დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე ეწვია. შეხვედრის ფარგლებში გაიმართა სამსახურის პრეზენტაცია, რომლითაც ხაზი გაესვა “ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის” როლს საზოგადოებაში. დასასრულს მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
“ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში”, ჯანდაცვის, შშმ ვეტერანთა დახმარების, სოციალური უზრუნველყოფისა და სხვა პროგრამებთან ერთად, 2023 წლიდან მოქმედებს ვეტერანებისა და მათი შვილების უმაღლესი განათლების (ბაკალავრიატის) 50%-ით დაფინანსების პროგრამა, რომლის ამოქმედებიდან დღემდე, 5000-მდე სტუდენტმა – ვეტერანის შვილმა და ხუთმა თავად ვეტერანმა ისარგებლა;
შეხვედრისა და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის მიზანია, სწავლის დაფინანსების პროგრამის უფრო ეფექტიანი და მოქნილი განხორციელებისათვის უნივერსიტეტსა და სამსახურს შორის ინფორმაციის მიმოცვლის პროცესის გაუმჯობესება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოსადგენად სტუდენტებზე არსებული ტვირთის შემსუბუქება.
აღსანიშნავია, რომ “ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა” უკვე მიიღო მონაწილეობა “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” ვეტერანის 3 სტუდენტი შვილის თანადაფინანსებაში.
მემორანდუმით, ასევე, გათვალისწინებულია ურთიერთობის გაღრმავება და თანამშრომლობა განათლებისა და მეცნიერების სფეროში, ვეტერანებისა და მათი ოჯახების ინტერესების მხარდასაჭერად.