24 ნოემბერს, „ევროპის ცენტრალურმა უნივერსიტეტმა“ ქუთაისში "ერაზმუს+" პერსონალის ტრენინგის მობილობის ფარგლებში "ბულგარეთის წმინდა კირილისა და მეთოდეს სახელობის ველიკო ტარნოვოს უნივერსიტეტის" ადმინისტრაციულ დელეგაციას უმასპინძლა.
სტუმრებს შორის იყვნენ რალიცა ვაჟაროვა, ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელი და იურიდიული სამსახურის ორი წარმომადგენელი - მარტინ ჰაჯიევი და დიმიტრინა ბლაგოევა.
სტუმრებს "ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის" ადმინისტრაციამ გააცნო უნივერსიტეტის სტრუქტურა, მუშაობის სპეციფიკა და ის ადმინისტრაციული მიმართულებები, რომლებიც უნივერსიტეტის ეფექტურ მართვაზეა პასუხისმგებელი.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაში მონაწილეობდნენ სოციალური მეცნიერებების, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტისა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანები, აგრეთვე ხარისხის უზრუნველყოფისა და სტრატეგიული განვითარების სამსახურებისა და სტუდენტთა მომსახურების ცენტრის ხელმძღვანელები, აგრეთვე სასწავლო პროცესის ადმინისტრირებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მენეჯერები. თითოეულმა მათგანმა სტუმრებს გააცნო საკუთარი ფაკულტეტის/სამსახურის მიზნები, აქტუალური პროექტები და ინსტიტუციური განვითარებისკენ მიმართული მნიშვნელოვანი პროცესები.
ვიზიტის ფარგლებში, ასევე გაიმართა თემატური სამუშაო შეხვედრები ბულგარეთის უნივერსიტეტის ადამიანური რესურსებისა და იურიდიული დეპარტამენტების წარმომადგენლებსა და CUE-ს შესაბამის ადმინისტრაციულ სამსახურებს შორის.
ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით განიხილეს თანამშრომელთა პროფესიული განვითარების პოლიტიკა, შერჩევისა და დანიშვნის პროცესები, თანამედროვე HR ტექნოლოგიები და დიჯიტალიზაცია. იურიდიული მიმართულების შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა უნივერსიტეტების სამართლებრივ ჩარჩოებზე, კონტრაქტების მართვაზე, მონაცემთა დაცვის სტანდარტებსა და ინსტიტუციური მმართველობის საკითხებზე.
"ველიკო ტარნოვას უნივერსიტეტის" წარმომადგენლები აგრეთვე გაეცვნენ , CUE-ს სამეცნიერო და კვლევით საქმიანობას. უნივერსიტეტის სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელმა დელეგაციას გააცნო მიმდინარე კვლევითი პროგრამები, საერთაშორისო თანამშრომლობის პრაქტიკა და საერთო საგრანტო პროექტების დაგეგმვის პერსპექტივები. აღნიშნული თემები განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ორივე უნივერსიტეტის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების კონტექსტში.
ვიზიტის დასასრულს, დელეგაციამ მოინახულა უნივერსიტეტში არსებული კონფუცის კლასი, რომლის მსგავსი სტრუქტურა "ველიკო ტარნოვოს უნივერსიტეტშიც" ფუნქციონირებს , მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები კულტურული და საგანმანათლებლო მიმართულებით.
სამუშაო შეხვედრის განმავლობაში "ერაზმუს+" თანამშრომლობის გაფართოებისა და ახალი ინიციატივების დაგეგმვის შესაძლებლობები განიხილეს