საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის კვიპროსის ღია უნივერსიტეტში სასწავლო მობილობა გამოცხადდა

„ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი“ „ერაზმუს+ KA171“ საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის კვიპროსის ღია უნივერსიტეტში (Open University of Cyprus, OUC) სასწავლო ან მოკლევადიანი მობილობისთვის კონკურსს აცხადებს.

მობილობა მოიცავს 2025–2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მინიმუმ ორი თვით კვიპროსში (იანვარი – მაისი 2026) ადგილზე სწავლებას და სრულად ფინანსდება „ერაზმუს+“-ის მიერ.

მონაწილეებს დაენიშნებათ თვიური სტიპენდია 850 ევროს ოდენობით, აგრეთვე აუნაზღაურდებათ მგზავრობის ხარჯები. სოციალურად დაუცველ სტუდენტებს დაენიშნებათ დამატებითი ფინანსური მხარდაჭერა.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ წინაპირობებს:

  1. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს, რომლებმაც უკვე დაასრულეს სწავლების პირველი წელი.
  2. აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე, რაც უნდა დადასტურდეს შესაბამისი სერტიფიკატით (IELTS, TOEFL, IGCSE) ან უნივერსიტეტის მიერ გაცემული ცნობით.

კვიპროსის ღია უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამებს, რომლებიც მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

  • კოგნიტური სისტემები;
  • განათლების მენეჯმენტი და პოლიტიკა;
  • საწარმოს რისკების მართვა;
  • ბიზნესის ადმინისტრირება;
  • ადამიანისა და კომპიუტერის ურთიერთქმედება;
  • უსაფრთხოება და თავდაცვა.

დეტალური ინფორმაცია შეთავაზებული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ ხელმისაწვდომია კვიპროსის ღია უნივერსიტეტის ვებგვერდზე

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 7 ნოემბერი.

დოკუმენტაცია პირველ ეტაპზე გადამოწმდება ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მიერ, თუმცა, დაფინანსებისა და შერჩევის კრიტერიუმების საფუძველზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს კვიპროსის ღია უნივერსიტეტი.

დოკუმენტაციის შევსებასა და განაცხადის მომზადებაში დახმარებისთვის, გთხოვთ დაუკავშირდეთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მენეჯერს — მაკა ცერცვაძეს, ელ.ფოსტაზე: maka.tsertsvadze@cue.edu.ge.