სტუდენტთა და კურსდამთვრებულთა მომსახურების ცენტრის სიახლეები, სხვადასხვა

რაჭა-ლეჩხუმის შემეცნებითი ექსკურსია ტურიზმის კლუბის “კოლხური ნაბიჯები“ ორგანიზებით წარმატებით განხორციელდა

2025 წლის 4 მაისს, სტუდენტურ თვითმმართველობასთან არსებული ტურიზმის კლუბის „კოლხური ნაბიჯები“ ორგანიზებით, სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის მხარდაჭერით, წარმატებით განხორციელდა შემეცნებითი და სათავგადასავლო ექსკურსია რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში.

ღონისძიებას აკადემიური ხელმძღვანელობა გაუწია გეოგრაფიის მეცნიერებათა კანდიდატმა (დოქტორის ხარისხთან გათანაბრებული) ქალბატონმა ციცინო დავითულიანმა. ადგილზე გიდობის ფუნქცია შეასრულეს ტურიზმის კლუბის წევრებმა, რომლებმაც წინასწარ მოამზადეს ინფორმაცია რეგიონის კულტურული, ისტორიული და ბუნებრივი მემკვიდრეობის შესახებ.

მონაწილეებმა მოინახულეს შემდეგი ღირსშესანიშნავი ლოკაციები:

  • ზანდურის სახლი
  • ღვირიშის ჩანჩქერი
  • საირმის სვეტები
  • ნიკორწმინდის ტაძარი
  • შაორის წყალსაცავი

შაორის წყალსაცავზე გაიმართა საგანმანათლებლო ხასიათის ვიქტორინა, ხოლო დღის ბოლოს ჩატარდა რეფლექსიის სესია, რომელშიც მონაწილეებმა გამოხატეს თავიანთი შთაბეჭდილებები და შეფასებები ექსკურსიასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ  გასვლით ტურს ჰქონდა ინტერკულტურული ხასიათი, ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად იმყოფებოდნენ უნივერსიტეტში არსებული კონფუცის კლასის თანამშრომლები, რომლებსაც გიდობას ტურიზმის კლუბის წევრები უწევდნენ. განხორციელებული აქტივობები ხელს უწყობდა სტუდენტური ცხოვრების გამრავალფეროვნებას, ანალიტიკური აზროვნებისა და კულტურული ცნობიერების განვითარებას.

ექსკურსიის ორგანიზებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრმა, რომელიც აქტიურად იყო ჩართული პროცესის დაგეგმვასა და ლოგისტიკურ მხარდაჭერაში.

ტურიზმის კლუბი „კოლხური ნაბიჯები“ მომავალშიც გეგმავს ანალოგიური საგანმანათლებლო და კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებების ორგანიზებას, რომელთა მიზანია როგორც ადგილობრივი ისე, საერთაშორისო სტუდენტების  ცნობიერების ამაღლება, ინტერკულტურული გარემოს ხელშეწყობა, გამოცდილების მიღება და უნივერსიტეტში სტუდენტური ცხოვრების გამდიდრება.