“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” მედიცინის ფაკულტეტისა და დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის ორგანიზებით, ჩატარდა სპინალური ნეიროქირურგიის კურსი, რომელშიც როგორც ქართველმა, ასევე უცხოელმა ნეიროქირურგებმა მიიღეს მონაწილეობა. კერძოდ, თურქეთიდან, საფრანგეთიდან და ინდოეთიდან წარმოდგენილი ჰქონდათ სხვადასხვა სირთულის ქეისები და განიხილეს ხერხემლის სვეტის, ზურგის ტვინის პათოლოგიების მკურნალობის ისეთი ძირითადი ინოვაციური მიდგომები, როგორიცაა ტუბულარული მინინვაზიური ქირურგია, მინიინვაზიური ინსტრუმენტიზაცია, სპინალური ენდოსკოპია, წელის დისკექტომია ეგზოსკოპიით, ვერტებროპლასტიკა და სხვა.
ასევე, ნეიროქირურგმა და “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” ასისტპროფესორმა იაგო ცერცვაძემ წარმატებით ჩაატარა LIVE ოპერაციები: მინიმალინვაზიური, ტუბულარული მიკროდისკექტომია და MISS TLIF, რომლის ტრანსლირება მოხდა საოპერაციოდან საკონფერენციო დარბაზში და დაინტერესებულ მხარეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, სრულად ეხილათ მასტერკლასი.
აღსანიშნავია, რომ უწყვეტი სამედიცინო განათლების ფარგლებში, კონფერენციაში მონაწილე ორთოპედ-ტრავმატოლოგებმა, ნევროლოგებმა და ნეიროქირურგებმა მოიპოვეს 9 უპგ ქულა და მონაწილეობა მიიღეს კონფერენციის ფარგლებში დაორგანიზებულ სხვადასხვა სოციალურ აქტივობებშიც.