საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა მედიმურჯეს გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში ადმინისტრაციულ მობილობაში მიიღო მონაწილეობა

15–19 დეკემბერს “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” (Central University of Europe – CUE) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა თათია ხარაბაძემ მედიმურჯეს გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში (Međimurje University of Applied Sciences) (ხორვატია, ქალაქი ჩაკოვეცი) ადმინისტრაციულ მობილობაში მიიღო მონაწილეობა.

მობილობის მიზანს წარმოადგენდა ხარისხის უზრუნველყოფის სფეროში არსებული საუკეთესო პრაქტიკების გაცვლა და პროფესიული გამოცდილების გაზიარება. აქტივობის ფარგლებში განხილული და გაზიარებული იქნა ხარისხის კულტურის გაძლიერებასთან დაკავშირებული მიდგომები, ადმინისტრაციული და აკადემიური პროცესების გაუმჯობესების მექანიზმები, აგრეთვე საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების ეფექტიანი პრაქტიკები.

“მედიმურჯეს გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში განხორციელებულმა ადმინისტრაციულმა მობილობამ პრაქტიკულად წარმოაჩინა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ინსტიტუციონალურ პროცესებში ხარისხის  კულტურა. მსგავსი მიზნობრივი გაცვლები ხელს უწყობს კონკრეტული ადმინისტრაციული და აკადემიური პროცესების დახვეწას, პროფესიულ განვითარებას და ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში უფრო მჭიდრო ინტეგრაციას“, – განაცხადა თათია ხარაბაძემ.

მედიმურჯეს გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი გამოირჩევა პრაქტიკაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო მიდგომებით, შრომის ბაზართან მჭიდრო კავშირებით და ხარისხის უზრუნველყოფის თანამედროვე, ევროპულ სტანდარტებზე დაფუძნებული სისტემებით, რამაც მობილობის ფარგლებში გამოცდილების გაცვლა განსაკუთრებით ნაყოფიერი და ღირებული გახადა.

მობილობა განხორციელდა “ერაზმუს+” პროგრამის ფარგლებში და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა უნივერსიტეტის ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებასა და ევროპულ პარტნიორებთან თანამშრომლობის შემდგომ განვითარებაში.