იოსებ არჩვაძე
პროფესორი, ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი
აბსტრაქტი
ის ისტორიული გარდატეხა, რაც ეკონომიკურ ურთიერთობებში მოხდა 1990-იანი წლების დასაწყისში სსრკ დაშლისა და საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, აგრეთვე საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლით, განსაკუთრებით საინტერესოს ხდის ამჟამინდელი ქართული ლარისა და სსრკ პერიოდში საქართველოში მოქმედი საბჭოთა მანეთის მსყიდველობითიუნარიანობის შედარებას.
ამჟამინდელი სამომხმარებლო კალათა მნიშვნელოვნად განსხვავდება ოთხი ათეული წლის წინანდელი სამომხმარებლო კალათისაგან. ამჟამად სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ სამომხმარებლო ფასების ინდექსის (ინფლაციის) გასაანგარიშებელ კალათაში შეტანილი 305 დასახელების საქონელ-წარმომადგენლიდან არანაკლებ 15 1980-იან წლებში სამომხმარებლო ბაზარზე ფაქტობრივად არ იყვნენ/არ არსებობდნენ, 20-ზე მეტმა საქონელ-წარმომადგენელმა კი, მართალია, შეინარჩუნა ძველი სახელწოდება, თუმცა ფუნქციონალური დატვირთვით, დიზაინით და ხარისხით ფაქტობრივად ახალთა კატეგორიას შეიძლება მივაკუთვნოთ (ტელევიზორი, სარეცხი მანქანა, ავტომობილი და ა.შ.). თითქმის ყველა დანარჩენის მიხედვით კი შეიცვალა მათი მიწოდების (დაფასოების) ფორმატი, დიზაინი, მოხდა ეკოლოგიური და სამომხმარებლო უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინება და ა.შ. ამასთან, მხედველობაშია მისაღები, რომ ადმინისტრაციულ–დირექტიული საბჭოთა ეკონომიკის პირობებში, როგორც წესი, პურის, ხორცის, რძის პროდუქტების დიდი ნაწილისა და ზოგიერთი სხვა სამომხმარებლო საქონლის ფასები მათ თვითღირებულებაზე დაბალი იყო, ხოლო ალკოჰოლურ სასმელებზე, ავტომობილებსა და საიუველირო ნაწარმზე – თვითღირებულებაზე გაცილებით მაღალი.
ჩვენი შეფასებით, რომელიც ემყარება შესაბამისი პერიოდის საცალო ფასებს და მოხმარების რაციონალურ ნორმებს, 1988 წლის 100 საბჭოთა მანეთის ექვივალენტური 2024 წელს 625,0 ლარია. სწორია შებრუნებული დასკვნაც: 2024 წლის 100 ქართული ლარის ექვივალენტი 1988 წლის 16.00 მანეთია.
ამჟამინდელი ხელფასის მსყიდველობითი უნარიანობა 19 დასახელების საქონელ-წარმომადგენელთან მიმართებაში აღემატება 1988 წლის დონეს, ხოლო 7 დასახელების მიხედვით (რძე და რძის პროდუქტები, რძეზე გადანგარიშებით, კვერცხი, სკამი, გაზი, ქალაქის კომუნალური ტრანსპორტით მგზავრობა, წყალი და კინოფილმების ნახვა) ჯერ კიდევ ჩამორჩება მას.
ნეტო-ხელფასის ამჟამინდელი დონე საქართველოში შეადგენს 1988 წლის მაჩვენებლის 157.4%-ს, ხელფასის წლიური ფონდი – 72.0%-ს, ხელფასი ფონდი მოსახლეობის ყოველ 1000 სულზე – 104.7%-ს.
წლიური ნეტო-ხელფასი 1988 წელს ფარავდა 26 დასახელების საქონლის (რომლებზეც მოდის მთლიანი სამომხმარებლო ხარჯების თითქმის 3/5) რაციონალური ნორმის ფარგლებში გაანგარიშებული სამომხმარებლო კალათის წლიურ ღირებულებას 126.9 პროცენტით, ხოლო 2024 წელს – უკვე 199.8 პროცენტით.
ამჟამად საშუალო ხელფასით ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოსთან შედარებით შეიძენთ: ელექტოენერგიას – 2.7–ჯერ მეტს, ბენზინს – 8.4–ჯერ, პურს – 1.6–ჯერ, ფრინველის ხორცს – 5.6–ჯერ, კვერცხს – 4.6–ჯერ, რძეს – 13.0–ჯერ, ვაშლს – 2.6–ჯერ, ფორთოხალს – 3.5–ჯერ, ბანანებს – 8.7–ჯერ, პამიდორს – 3.8–ჯერ, ბიგ–მაკს – 4.7–ჯერ მეტს.
საბჭოთა პერიოდში მოსახლეობის დიფერენცირება შემოსავლების მიხედვით უფრო მაღალი იყო, ვიდრე ფაქტობრივი მოხმარების მიხედვით. ამჟამად საპირისპირო სურათია – დოვლათის მოხმარების მასშტაბების, კეთილდღეობის მიხედვით მოსახლეობის დიფერენცირება, სოციალურ–ეკონომიკური პოლარიზაცია გაცილებით სჭარბობს შემოსავლებით, განკარგვადი სახსრებით დიფერენცირებას. აღნიშნულ გარემოებათა, აგრეთვე სხვადასხვა თანხობრივი პარამეტრისათვის განსხვავებული მსყიდველობითი უნარიანობის გამო შეიძლება საბჭოთა მანეთს გარკვეული მეტაფორული დატვირთვით, პირობითად „ღარიბების ვალუტა“, ხოლო ქართულ ლარს – „მდიდრების ვალუტა“ ვუწოდოთ. ფასწარმოქმნის სისტემის განსხვავებულ კონცეპტუალურ მოდელზე ორგანიზების გამო პირველი ხელს უწყობდა საზოგადოებაში ეგალიტარიზმის გაძლიერებას, ხოლო მეორე, პირიქით, დიფერენციაციისა და პოლარიზაციის მატებას.
საკვანძო სიტყვები: ქართული ლარი, საბჭოთა მანეთი, მსყიდველობითიუნარიანობის პარიტეტი, ინფლაცია, ფასები.
JEL: E31; N3; P51
DOI: 10.52244/c2025.21
გამოყენებული ლიტერატურა
Global Purchasing Power Parities and Real Expenditures. 2005 International Comparison Program. World Bank. 2008. – 213 p.
Kane & Hubbard. Balance: The Economics of Great Powers from Ancient Rome to America. 2014. – 356
Officer L. (1982), ‘Purchasing Power Parity and Exchange Rate: Theory, Evidence, and Relevance’, Greenwich, Connecticut: JAI Press.
Paul Hallwood and Ronald MacDonald. International Money and Finance. Second edition. Oxford UK and Cambridge USA, 1995. – 445 p.
Александр Зюзяев. Экономисты подсчитали: за последние 20 лет водка стала гораздо доступнее, чем закуска. – «Комсомольская Правда», 29.06.2010
Гайдар Е. Гибель Империи. Уроки для современной России. М., 2006. С. 212
Народное хозяйство СССР в 1990 году. Статистический ежегодник. М., «Финансы и сстатистика», 1991. –
Основные показатели роста доходов и благосостояния населения Грузинской ССР. – Тбилиси, 1988. – 62 с.
აშშ შრომის სამინისტროს სტატისტიკის ბიუროს მასალები. – http://www.bls.gov/data/
გაეროს სტატისტიკური მასალები. – http://unstats.un.org/unsd/default.htm.
გრეგორი ნ.. მენქიუ. ეკონომიკის პრინციპები. თბილისი, ”დიოგენე”, 2008. – 835 გვ.
იოსებ არჩვაძე. რა ღირს მანეთი?. – „რესპუბლიკა“, 1990 წლის 6 ოქტომბერი.
იოსებ არჩვაძე. რამდენი კაცი ეყოფა ერთ ხელფასს?! – „საქართველოს რესპუბლიკა“, 2009 წლის 5 ნოემბერი
იოსებ არჩვაძე. ქართული ლარი: რამდენი საბჭოთა მანეთის ტოლია? – წიგნიდან: „ეკონომიკა და დრო“, თბილისი, „მერკური“, 2000 წ. გვ. 117–120.
კრუგმანი პოლ., ოფსვილდი მაურის, საერთაშორისო ეკონომიკა: თეორია და პოლიტიკა. ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“. თბილისი, 2000 წ. – 500 გვ.
ლაშა ლაბაძე. ISET-ის ხაჭაპურის ინდექსი. – საქართველოს ეკონომიკა, 2010, N1.
მუშა-მოსამსახურეთა და კოლმეურნეთა ბიუჯეტი. თბილისი, 1991 წ. – 39 გვ.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის სტატისტიკური მასალები. – http://www.imf.org/external/data.htm;
საქართველოს ეროვნული ბანკის მასალები. – www.nbg.gov.ge
საქართველოს სსრ სახალხო მეურნეობა 1988 წ. – თბილისი, „საქართველო“, 1990 წ. – 347 გვ.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მასალები. – www.geostat.ge
საქართველოს შინამეურნეობები: 1996-2001. ეკონომიკურ-სტატისტიკური კრებული. თბილის, 2002. – 323 გვ.