საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი” და ალბერტას კოლეჯი სამეცნიერო თანამშრომლობას იწყებენ

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი” იწყებს სამეცნიერო თანამშრომლობას ალბერტას კოლეჯთან ლატვიაში. აღნიშნული შესაძლებელი გახდა უნივერსიტეტებს შორის განხორციელებული ბოლოდროინდელი “ერაზმუს+” მობილობების შედეგად. ეს პარტნიორობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობისა და ერთობლივი კვლევების განვითარებისთვის საქართველოსა და ლატვიას შორის.

ამ თანამშრომლობის ფარგლებში, “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” რამდენიმე პროფესორი იმუშავებს ლატვიელ კოლეგებთან ერთად და ერთობლივ სამეცნიერო ნაშრომებს გამოაქვეყნებს. კონკრეტულად, შემდეგი პროფესორები ჩაერთვებიან კვლევით მუშაობაში:

  • პროფესორი თეა ვალიშვილი და პროფესორი ლია გენელიძე იმუშავებენ ილზე კრუმინასთან (ალბერტას კოლეჯის ციფრული მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის პროგრამების დირექტორი) თემაზე: “მდგრადი ბრენდის კომუნიკაცია და Z თაობის აღქმა ლატვიასა და საქართველოში: ბრენდის იმიჯის, გზავნილებისა და არჩევის ფაქტორების შედარებითი ანალიზი”.
  • პროფესორი მალხაზ ძაძუა იმუშავებს ლიგა სილენიეცესთან (ბიზნესის იურიდიული რეგულირების პროგრამის დირექტორი) თემაზე: “მწვანე ბიზნესზე გადასვლის მამოძრავებელი ფაქტორები მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ლატვიასა და საქართველოში: შედარებითი ანალიზი”.
  • პროფესორი ქეთევან კუხიანიძე ითანამშრომლებს სანდრა ტეტერესთან (მეწარმეობის პროგრამის დირექტორი) თემაზე: “მეწარმული კომპეტენციების განვითარების გაუმჯობესება უმაღლეს განათლებაში: ლატვიისა და საქართველოს შედარებითი კვლევა”.

კვლევითი მუშაობა ჯერ ონლაინ რეჟიმში წარიმართება, 2025 წლის ოქტომბრისთვის შემუშავდება წინასწარი გეგმა, შემდეგ კი ალბერტას კოლეჯის პროფესორები საქართველოს ეწვევიან და ადგილზე იმუშავებენ.

სამეცნიერო თანამშრომლობის მიზანია ერთობლივი ნაშრომები წარდგენილ იქნეს საერთაშორისო კონფერენციებზე, მაგალითად, ETECH კონფერენციაზე რიგაში (2026) ან საქართველოში მიმდინარე აკადემიურ ღონისძიებებზე, მათ შორის “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” მულტიდისციპლინურ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე: მდგრადი განვითარება, ინსტიტუტები და გლობალური გამოწვევები.

კვლევით მუშაობასთან ერთად, ალბერტას კოლეჯის პროფესორები 2025 წლის ოქტომბერში საქართველოში ვიზიტისას ღია ლექციებსაც ჩაატარებენ ქუთაისსა და თბილისში. ლექციები იქნება ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორიცაა ინფლუენსერ მარკეტინგი, დროის მენეჯმენტი და პროდუქტიულობა, მწვანე ბიზნესზე გადასვლა, შრომითი ბაზრის მომავალი და ხელოვნური ინტელექტი, მრავალფეროვნება და ინკლუზიურობა.

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტისთვის” პრიორიტეტულია საერთაშორისო თანამშრომლობა, ხარისხიანი განათლება და ერთობლივი კვლევები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ხსენებული კვლევითი პროექტები იმ მნიშვნელოვან საკითხებს ეხება, რაც დღეს მთელ მსოფლიოში და ჩვენს რეგიონშიც აქტუალურია. დარწმუნებული ვართ, რომ ეს თანამშრომლობა ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება და ახალი ცოდნის შექმნას ჩაუყრის საფუძველს.