30 ივლისს “ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში” 2024–2025 წლების სასწავლო წლის გამოსაშვები საღამო გაიმართა, რომელიც განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი იყო როგორც კურსდამთავრებულებისთვის, ისე უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის.
ღონისძიება გამორჩეული და ისტორიული იყო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზეზით — წელს პირველად, “ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტს” ჰყავს დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი ინგლისურენოვანი პროგრამის პირველი კურსდამთავრებულები, რომლებმაც ჰიპოკრატეს ფიცი საზეიმო ვითარებაში დადეს.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ უნივერსიტეტის რექტორი ბატონი გოჩა თუთბერიძე, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი გოჩა უგულავა, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი თამარ პერტაია, ასევე სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელები.
გამოსაშვებ საღამოს ასევე ესწრებოდა ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ირაკლი ყიფიანი (“თეგეტა მოტორსის” ქუთაისის ფილიალის გაყიდვების დეპარტამენტის უფროსი), რომელმაც სიტყვით მიმართა იქ მყოფ საზოგადოებას და წარმატებები უსურვა სამომავლო პროფესიული განვითარების გზაზე კურსდამთავრებულებს.
საღამოს დასრულებისას გაიმართა დიპლომების გადაცემის ცერემონია. კურსდამთავრებულებს გრაგნილები უნივერსიტეტის რექტორმა და ორივე ფაკულტეტის დეკანმა პირადად გადასცეს.
“ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში” გამოსაშვები საღამოს ფოტოები