“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” აკადემიური საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი და სასიხარულო სიახლეა, უნივერსიტეტის პროფესორები,ეკონომიკის დოქტორი მალხაზ ძაძუა და ბიზნეს ადმინისტრირების დოქტორი თორნიკე ხოშტარია, 2025 წლის ნოემბრიდან შერჩეულ იქნენ “ვესტკლიფის უნივერსიტეტის” (Westcliff University, აშშ) ბიზნესის სადოქტორო პროგრამის სადისერტაციო კომიტეტის წევრებად – (Westcliff University Global Engagement – Dissertation Chair / Committee Member).
აღნიშნული გადაწყვეტილება, წარმოადგენს მათი მრავალწლიანი აკადემიური, სამეცნიერო და პროფესიული საქმიანობის საერთაშორისო აღიარებას და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” პროფესორ-მასწავლებლების მაღალ კვალიფიკაციასა და ჩართულობას გლობალურ აკადემიურ სივრცეში. კომიტეტის წევრობა გულისხმობს სადოქტორო კვლევების ხელმძღვანელობას, დისერტაციების შეფასებასა და საერთაშორისო აკადემიური სტანდარტების შესაბამისად კვლევითი პროცესის განვითარებაში აქტიურ მონაწილეობას.
“ვესტკლიფის უნივერსიტეტი”, რომელიც 1993 წელს დაარსდა , მდებარეობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, კალიფორნიის შტატის ქალაქ ირვინში. უნივერსიტეტი გამოირჩევა თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომებით და სთავაზობს სტუდენტებს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს, აგრეთვე მრავალფეროვან სასერთიფიკატო და უწყვეტი განათლების კურსებს.
“ვესტკლიფის უნივერსიტეტში”, ამჟამად 7,000-ზე მეტი სტუდენტი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან სწავლობს. უნივერსიტეტის ძირითადი კამპუსები განთავსებულია როგორც აშშ-ში, ასევე კანადაში, მათ შორის: ირვინში, ლოს-ანჟელესში, სან-ფრანცისკოში, დალასში, მაიამიში, ორლანდოში, ტორონტოსა და ონტარიოში, რაც მას საერთაშორისო აკადემიური ქსელის მნიშვნელოვან ცენტრად აქცევს.
“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი” ულოცავს პროფესორებს ამ მნიშვნელოვან მიღწევას და უსურვებს მათ წარმატებას საერთაშორისო აკადემიურ საქმიანობაში, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს უნივერსიტეტის რეპუტაციას და საერთაშორისო თანამშრომლობას უმაღლესი განათლების სფეროში.