“ევროპის ცენტრალურმა უნივერსიტეტმა” გამოსცა ეკონომიკის კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელის, ასოცირებული პროფესორის გოჩა უგულავას სახელმძღვანელო „შესავალი ინსტიტუციურ ეკონომიკაში“, რომელიც პირველი ორიგინალური ქართულენოვანი სახელმძღვანელოა ინსტიტუციურ ეკონომიკაში. სახელმძღვანელოში განხილულია ინსტიტუტების როლი,ეკონომიკურ პროცესებში, ეკონომიკური ზრდისა და პოლიტიკური სტაბილურობის ინსტიტუციურ საფუძვლები.
სახელმძღვანელო ეფუძნება ინტერდისციპლინარულ მიდგომას და აერთიანებს ეკონომიკურ, სამართლებრივ და სოციალურ ანალიზს. თეორიული მასალა გამდიდრებულია პრაქტიკული მაგალითებითა და ანალიტიკური კომენტარებით, რაც მკითხველს ინსტიტუციური ეკონომიკის სიღრმისეულ გააზრებაში ეხმარება.
ნაშრომი მოიცავს 15 თავს და განკუთვნილია ეკონომიკისა და მომიჯნავე მიმართულებების სტუდენტების,მკვლევრების და ინსტიტუციური ეკონომიკით დაინტერესებული მკითხველებისთვის. სასწავლო პროცესის გასამარტივებლად ტექსტი გამდიდრებულია პრაქტიკული ქეისებით, ტესტებით, ანალიტიკური კითხვებითა და დამატებითი მასალის მოსაძიებელი QR კოდებით.
სახელმძღვანელოს რედაქტორია ‘’ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის’’ პროფესორი გოჩა თუთბერიძე. ნაშრომის რეცენზენტები არიან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ელგუჯა მექვაბიშვილი და ‘’ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის’’ და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკო ჩიხლაძე.
პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა კურსის ელექტრონული სასწავლო- მეთოდოლოგიური კომპლექსის შექმნაზე, რომელიც ინტერნეტსივრცეში გააერთიანებს სახელმძღვანელოს შინაარსს, დამატებით რესურსებსა და ინტერაქტიულ კომპონენტებს. აღნიშნული პლატფორმა სტუდენტებსა და დაინტერესებულ მკითხველს შესაძლებლობას მისცემს, ინსტიტუციური ეკონომიკის კურსს გაეცნონ თანამედროვე საგანმანათლებლო ფორმატში და გააღრმავონ თეორიული ცოდნა პრაქტიკული ინსტრუმენტების გამოყენებით.