სხვადასხვა

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” კონფუცის კლასის საგანმანათლებლო ვიზიტი ჩინეთში წარმატებით განხორციელდა

"ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის" კონფუცის კლასის სტუდენტები ერთკვირიან საგაზაფხულო საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ჩინეთში იმყოფებოდნენ.

პროგრამის ოფიციალური გახსნის ცერემონია "სინძიანის სამედიცინო უნივერსიტეტის", Xuelianshan-ის კამპუსში გაიმართა, სადაც მონაწილეებს უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები მიესალმნენ.

შეხვედრის დროს ხაზი გაესვა "ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტისა" და "სინძიანის სამედიცინო უნივერსიტეტს" შორის მრავალწლიანი პარტნიორობის მნიშვნელობას, ასევე საერთაშორისო საგანმანათლებლო თანამშრომლობის როლს სტუდენტების პროფესიულ, აკადემიურ და კულტურულ განვითარებაში.

ღონისძიების შემდეგ, სტუდენტებისთვის სხვადასხვა, შემეცნებითი და საგანმანათლებლო აქტივობა მოეწყო, რომლებიც მიზნად სინძიანის რეგიონის კულტურის გაცნობას და ჩინური ენის პრაქტიკული უნარების განვითარებას ისახავდა.

საგაზაფხულო საგანმანათლებლო ბანაკის განმავლობაში, სტუდენტებმა მოინახულეს ტურპანის ღვინის მუზეუმი, სადაც გაეცნენ რეგიონის მეღვინეობის ისტორიას, ადგილობრივ ტრადიციებსა და კულტურულ თავისებურებებს.

კულტურული ტურის ფარგლებში, მონაწილეებმა ასევე მოინახულეს ტუიუგუს ხეობა (Tuyugou Valley) და ტოიოქის მღვიმეები, უძველესი ბუდისტური გამოქვაბულები, რომლებიც ცნობილია ისტორიული ფრესკებითა და უნიკალური კულტურული მემკვიდრეობით.

მოგზაურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი Bezeklik Thousand Buddha Caves-ის მონახულება იყო, სტუდენტებმა დაათვალიერეს საუკუნეების განმავლობაში შემონახული კედლის მხატვრობა და აღმოსავლური ცივილიზაციის მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლები.

ბანაკის მიმდინარეობისას "ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის" კონფუცის კლასის სტუდენტები "სინძიანის უნივერსიტეტის" ერთ-ერთ უმსხვილეს ტრადიციული ჩინური მედიცინის კლინიკურ ცენტრსაც ესტუმრნენ, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები უშუალოდ გაეცნენ ტრადიციული ჩინური მედიცინის მრავალსაუკუნოვან ფილოსოფიასა და პრაქტიკას.

დასკვნით ნაწილში, კონფუცის კლასის, მონაწილეებმა მრავალფეროვანი კულტურული პროგრამა წარადგინეს, ისაუბრეს მიღებულ გამოცდილებაზე. მათ, ასევე შეასრულეს ქართული ეროვნული ცეკვა „სამაია“, ქართული სიმღერა და კუნგ-ფუს ნომერი, რომლებმაც დამსწრე საზოგადოების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.

ცერემონია ბანაკის მონაწილეების სერტიფიკატების გადაცემით დასრულდა, რომელსაც "სინძიანის სამედიცინო უნივერსიტეტის" წარმომადგენლები, ასევე "ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის" კონფუცის კლასის ყოფილი დირექტორები, მოხალისეები და პედაგოგები ესწრებოდნენ.

ბანაკი მიზნად ისახავდა ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების გაფართოებას და საქართველო–ჩინეთის საგანმანათლებლო ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებას.