სხვადასხვა

ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში ჩინური ენის კუთხე გაიხსნა

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” კონფუცის კლასისა და ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში ჩინური კუთხე გაიხსნა.

ინიციატივის მიზანია ჩინური ენის, კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაცია, ასევე, ადგილობრივი საზოგადოებისათვის ჩინური ენის შესწავლის ხელმისაწვდომობის გაზრდა. თანამშრომლობა ითვალისწინებს ერთობლივი საგანმანათლებლო, კულტურული და შემეცნებითი პროექტებისა და ღონისძიებების განხორციელებას.

ჩინური ენის კუთხის მოწყობის მიზნით, “ევროპის ცენტრალურმა უნივერსიტეტმა” ჩინეთის საელჩოს და სინძიანის უნივერსიტეტის დახმარებით ბიბლიოთეკას 60-მდე წიგნი გადასცა. წიგნადი ფონდი მოიცავს მხატვრულ და შემეცნებით ლიტერატურას, ჩინეთის ისტორიის, კულტურისა და განათლების შესახებ გამოცემებს, ასევე ჩინური ენის სასწავლო სახელმძღვანელოებს (HSK 1–6 დონეები).

გახსნის ცერემონიას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები, მათ შორის კონსული და კულტურის ატაშე, “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის“ რექტორი, კონფუცის კლასის ქართველი და ჩინელი დირექტორები, ჩინური ენის მასწავლებლები, უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, ქუთაისის მერის კულტურის განყოფილების ხელმძღვანელი,საგარეო ურთიერთობათა და საერთაშორისო პროექტების განყოფილების ხელმძღვანელი, ასევე ბიბლიოთეკის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიების ფარგლებში სტუმრებმა დაათვალიერეს ახალი საგანმანათლებლო სივრცე და საქართველოსა და ჩინეთს შორის საგანმანათლებლო და კულტურული თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ჩინური ენის კუთხის გახსნა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია საერთაშორისო საგანმანათლებლო და კულტურული კავშირების განვითარების მიმართულებით და ხელს შეუწყობს ჩინური ენისა და კულტურის გაცნობას, ქუთაისის მოსახლეობისა და ახალგაზრდებისათვის.