როინ თათეშვილი
ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ნანა ჯღარკავა
ეკონომიკის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
აბსტრაქტი
სასათბურე მეურნეობა თანამედროვე აგრარული სექტორის ერთ-ერთი ყველაზე დინამიურად განვითარებადი მიმართულებაა, რომელიც უზრუნველყოფს მიწის რესურსების ეფექტიან გამოყენებას, კლიმატური პირობების ოპტიმიზაციას და სურსათის უსაფრთხოების გაძლიერებას. გლობალური გამოცდილება აჩვენებს, რომ ტექნოლოგიური ინოვაციების ინტეგრირება ამ სფეროში მნიშვნელოვნად ზრდის პროდუქტიულობას, ამცირებს ენერგო და წყლის ხარჯებს და ქმნის მდგრადი განვითარების საფუძველს. კვლევა ეფუძნება ამ საერთაშორისო ტენდენციებს და მიზნად ისახავს საქართველოს კონტექსტში სასათბურე მეურნეობის ეკონომიკური ეფექტიანობის შეფასებას.
საქართველოში მცირე და საშუალო ზომის სასათბურე მეურნეობები მრავალი გამოწვევის წინაშე დგანან. მათ შორის ფინანსური რესურსების შეზღუდვა, თანამედროვე ტექნოლოგიების ნაკლებობა და ცოდნის დეფიციტი. ეს ფაქტორები პირდაპირ აისახება ფერმერთა კონკურენტუნარიანობაზე და ქვეყნის ექსპორტულ პოტენციალზე. კვლევა ამ პრობლემების ანალიზთან ერთად ფოკუსირდება იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც დაკავშირებულია ინოვაციური მიდგომების დანერგვასთან, მათ შორის ენერგოეფექტური სისტემების, სენსორების, ავტომატიზებული კლიმატის კონტროლის და ჰიდროპონიკის გამოყენებასთან.
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა უნივერსიტეტებში სასათბურე ლაბორატორიების შექმნის კონცეფციას, როგორც აკადემიური და პრაქტიკული ცოდნის ინტეგრაციის პლატფორმას. მსგავსი ლაბორატორიები ხელს უწყობს სტუდენტებისა და მკვლევრების ჩართულობას რეალურ ექსპერიმენტებში, აძლიერებს საერთაშორისო პარტნიორობას და ქმნის საფუძველს ახალი ბიზნეს მოდელების განვითარებისთვის. კვლევა აჩვენებს, რომ სასწავლო დაწესებულებების ჩართულობა ტექნოლოგიური ინოვაციების განვითარებაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია აგრარული სექტორის ტრანსფორმაციისთვის.
მეთოდოლოგიურად, კვლევა იყენებს რაოდენობრივ და ხარისხობრივ მიდგომებს, მოიცავს პირველადი და მეორადი მონაცემების ანალიზს, SWOT ანალიზს, ფინანსურ მოდელირებას და პილოტური პროექტის მოდელირებას. შედარებითი ანალიზი ნიდერლანდების, აშშ-სა და იაპონიის გამოცდილებასთან აჩვენებს, რომ ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა მნიშვნელოვნად ზრდის მოსავლიანობას, ამცირებს ენერგიის ხარჯებს და გარემოზე უარყოფით ზემოქმედებას.
კვლევის საბოლოო მიზანია ისეთი მოდელის შექმნა, რომელიც გააძლიერებს საქართველოს სასათბურე მეურნეობის კონკურენტუნარიანობას საერთაშორისო ბაზარზე, უზრუნველყოფს ეკოლოგიურ მდგრადობას და ხელს შეუწყობს ახალგაზრდული პროფესიონალების ხარისხიან მომზადებას. უნივერსიტეტში სასათბურე ლაბორატორიის შექმნა გახდება ინოვაციების ტესტირების და კვლევის ცენტრი, რომელიც აკადემიურ და ბიზნეს სექტორს შორის თანამშრომლობის ახალი ფორმების განვითარებას შეუწყობს ხელს.
საკვანძო სიტყვები: სასათბურე მეურნეობა, ეკონომიკური ეფექტიანობა, კლიმატგონივრული ტექნოლოგიები, ინტელექტუალური სათბურები.
JEL: Q16; Q12; O13
DOI: 10.52244/c2025.32
გამოყენებული ლიტერატურა
EU Organic Farming Report. (2023). Sustainable agriculture and organic greenhouse farming in Europe.
European Commission. (2022). Greenhouse gas emissions in horticulture and energy efficiency improvements.
FAO. (2023). Greenhouse horticulture: Strategies for sustainable production. Food and Agriculture Organization.
Geostat.(2024). Agriculture Retrieved from https://www.geostat.ge/ka/modules/categories/196/soflis-meurneoba
Janssen, S., & van Ittersum, M. (2021). Advanced technologies in greenhouse farming: A systematic review. Agricultural Systems Journal, 187, 103026.
Smith, J., & Brown, K. (2020). The role of IoT and AI in greenhouse farming.
Transboundary Alliance for Climate-Smart and Green Agriculture in the Black Sea Basin Countries. (2024). Feasibility study. Retrieved from https://shorturl.at/bkDTq
UNDP. (2023). Innovative approaches to climate-smart agriculture: A focus on greenhouse farming.
World Bank. (2022). Agricultural development in emerging markets.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. (2024). Retrieved from https://mepa.gov.ge/ge/reports