სხვადასხვა

“ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტსა” და “იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის II საჯარო სკოლას” შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

“ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტმა” და “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის კონფუცის კლასმა” “იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის II საჯარო სკოლასთან” სამმხრივი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

მემორანდუმების მიზანია უნივერსიტეტსა და სკოლას შორის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავება, საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაფართოება და მოსწავლეებისთვის მრავალფეროვანი აკადემიური გარემოს შექმნა.

თანამშრომლობა მოიცავს, როგორც ფორმალური და არაფორმალური საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებასა და განახლებას, ასევე ერთობლივი ღონისძიებების, კონფერენციების, ტრენინგების, კვლევითი პროექტებისა და ვორქშოფების განხორციელებას.

ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი” უზრუნველყოფს სკოლის მხარდაჭერას კონფუცის კლასის გახსნის მიმართულებით, ასევე მოსწავლეებს შესთავაზებს სხვადასხვა საგანმანათლებლო ტრენინგ-კურსებს, მათ შორის პრაქტიკული სამართლის კურსს “STREET LAW”.

განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ჩინური ენის სწავლების მიმართულებასაც. კონფუცის კლასთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, სკოლის მოსწავლეებსა და პერსონალს შესაძლებლობა ექნებათ შეისწავლონ ჩინური ენა, რაც ხელს შეუწყობს პროფესიული განათლების პოპულარიზაციას, კულტურათაშორისი კავშირების გაღრმავებასა და სასკოლო ცხოვრების მრავალფეროვნების გაზრდას.

მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ, “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” რექტორმა გოჩა თუთბერიძემ სკოლის მოსწავლეებისთვის ლექცია თემაზე – “ეროვნული ბანკის ისტორია და მისია“ ჩაატარა.

აგრეთვე, შეხვედრის ფარგლებში კონფუცის კლასის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს ჩინური ენის შემსწავლელი კურსები გააცნეს და ისაუბრეს მათი მნიშვნელობის შესახებ.

აღნიშნული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” საგანმანათლებლო საქმიანობის განვითარებასა და ახალგაზრდებისთვის მრავალფეროვანი აკადემიური და კულტურული შესაძლებლობების შექმნას.