სხვადასხვა, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის სიახლეები

მათემატიკის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ვორქშოპი თემაზე “AI Web Lab: ვებ-მაგია AI-ის დახმარებით” გაიმართა

14 მარტს მათემატიკის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ქუთაისში, IX–XII კლასის მოსწავლეებისთვის “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტში” საგანმანათლებლო ვორქშოპი “AI Web Lab: ვებ-მაგია AI-ის დახმარებით” გაიმართა.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა მოისმინეს ლექციები თანამედროვე ვებ-ტექნოლოგიების და ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებით კოდის წერის შესაძლებლობას.

მონაწილეებმა პრაქტიკულად გაეცნენ ისეთ თანამედროვე AI პლატფორმებს, როგორიცაა Google AI Studio და Claude AI, Google ეკოსისტემის სხვა პროდუქტებს და Github-თან მუშაობის საფუძვლებს.

შეხვედრის განმავლობაში, “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” პროფესორებმა აჩვენეს ვებგვერდის შექმნის პრაქტიკული მაგალითები და ახსნეს, როგორ შეიძლება ხელოვნური ინტელექტის დახმარებით მარტივი და კრეატიული ვებსაიტების აწყობა.

ლექციების დასრულების, შემდეგ მოსწავლეებმა მუშაობა უნივერსიტეტის კომპიუტერულ ლაბორატორიაში გააგრძელეს. პრაქტიკული სესიის დროს მათ თავად შექმნეს საკუთარი ვებგვერდები AI ინსტრუმენტების დახმარებით. ვორქშოპის მონაწილეებმა, ასევე იმუშავეს სტარტაპებისა და ციფრული დიზაინის იდეებზე.

ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებისთვის მოეწყო უნივერსიტეტის კამპუსის ტური, რომლის ფარგლებშიც მათ დაათვალიერეს სასწავლო აუდიტორიები, ლაბორატორიები და უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია კონფუცის კლასმა, სადაც მონაწილეები გაეცნენ ჩინურ კულტურასთან და ენასთან დაკავშირებულ საგანმანათლებლო პროგრამებს.

ღონისძიება მიზნად ისახავდა ახალგაზრდებისთვის ტექნოლოგიებთან, პროგრამირებასთან და ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებას, რაც მომავალში მათ საკუთარი იდეებისა და ინოვაციური პროექტების განხორციელებაში დაეხმარება.

ვორქშოპის დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.