სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის სიახლეები, საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის დეკანი თეონა გრიგოლაშვილი “ვესტკლიფის უნივერსიტეტის” სადისერტაციო კომიტეტის წევრად შეირჩა

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” აკადემიური საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი და სასიხარულო სიახლეა, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის დეკანი თეონა გრიგოლაშვილი 2026 წლის იანვრიდან შერჩეულ იქნა “ვესტკლიფის უნივერსიტეტის” (Westcliff University, აშშ) ბიზნესის სადოქტორო პროგრამის სადისერტაციო კომიტეტის წევრად – (Westcliff University Global Engagement – Dissertation Chair / Committee Member).

აღნიშნული გადაწყვეტილება, წარმოადგენს მის მრავალწლიან აკადემიურ, სამეცნიერო და პროფესიული საქმიანობის საერთაშორისო აღიარებას და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” პროფესორების მაღალ კვალიფიკაციასა და ჩართულობას გლობალურ აკადემიურ სივრცეში. კომიტეტის წევრობა გულისხმობს სადოქტორო კვლევების ხელმძღვანელობას, დისერტაციების შეფასებასა და საერთაშორისო აკადემიური სტანდარტების შესაბამისად კვლევითი პროცესის განვითარებაში აქტიურ მონაწილეობას.

“ვესტკლიფის უნივერსიტეტი”, რომელიც 1993 წელს დაარსდა, მდებარეობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, კალიფორნიის შტატის ქალაქ ირვინში. უნივერსიტეტი გამოირჩევა თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომებით და სთავაზობს სტუდენტებს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს, აგრეთვე მრავალფეროვან სასერთიფიკატო და უწყვეტი განათლების კურსებს.

“ვესტკლიფის უნივერსიტეტში”,  ამჟამად  7,000-ზე მეტი სტუდენტი  მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან სწავლობს. უნივერსიტეტის ძირითადი კამპუსები განთავსებულია როგორც აშშ-ში, ასევე კანადაში, მათ შორის: ირვინში, ლოს-ანჟელესში, სან-ფრანცისკოში, დალასში, მაიამიში, ორლანდოში, ტორონტოსა და ონტარიოში, რაც მას საერთაშორისო აკადემიური ქსელის მნიშვნელოვან ცენტრად აქცევს.

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი” ულოცავს სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის დეკანს თეონა გრიგოლაშვილს,  ამ მნიშვნელოვან მიღწევას და უსურვებს მას წარმატებას საერთაშორისო აკადემიურ საქმიანობაში, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს უნივერსიტეტის რეპუტაციას და საერთაშორისო თანამშრომლობას უმაღლესი განათლების სფეროში.