საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

“ევროპის ცენტრალურმა უნივერსიტეტმა” პორტუგალიურ ორგანიზაციასთან Placement in Portugal / Lapis Ligeiro თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

“ევროპის ცენტრალურმა უნივერსიტეტმა” პორტუგალიაში მოქმედ ორგანიზაციასთან, Lapis Ligeiro-სთან, რომელიც საქმიანობს Placement in Portugal-ის სახელით, თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. აღნიშნული თანამშრომლობა მიზნად ისახავს უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის პორტუგალიაში სტაჟირებისა და პრაქტიკაზე დაფუძნებული საერთაშორისო შესაძლებლობების განვითარებას.

თანამშრომლობა “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” საგანმანათლებლო პროგრამებზე:  ბიზნესის ადმინისტრირების, ტურიზმისა და ეკონომიკის მიმართულებებით გავრცელდება.

შეთანხმება ითვალისწინებს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის სტაჟირების ხელშეწყობას, სასწავლო პროგრამების განვითარებასა და მათი განახლების მიმართულებით თანამშრომლობას, ასევე ერთობლივ კონფერენციებში, სემინარებში, ტრენინგებში, სამეცნიერო-კვლევით აქტივობებსა და სხვა აკადემიურ ღონისძიებებში ჩართულობას.

მემორანდუმით გათვალისწინებული პრაქტიკული აქტივობები განხორციელდება ლისაბონში. დოკუმენტის მიხედვით, პარტნიორი ორგანიზაცია ასევე უზრუნველჰყოფს სტუდენტებისთვის შესაბამის სამუშაო გარემოს, კოორდინაციასა და ინგლისურენოვანი პროგრამების სტუდენტებისთვის ინგლისურად მოსაუბრე ხელმძღვანელის ან მენეჯერის ხელმისაწვდომობას.

აღნიშნული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს სტუდენტების პრაქტიკული უნარების განვითარებას, საერთაშორისო პროფესიული გამოცდილების მიღებასა და უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პროცესის კიდევ უფრო გაძლიერებას.