“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი” ადმინისტრაციული პერსონალისთვის აცხადებს შიდა კონკურსს “ერაზმუს+ KA171” საერთაშორისო კრედიტ-მობილობის (ICM) პროგრამის ფარგლებში სილეზიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (Silesian University of Technology, პოლონეთი) პერსონალის ტრენინგ მობილობაში მონაწილეობის მისაღებად. კონკურსის ფარგლებში შეირჩევა 2 ადმინისტრაციული თანამშრომელი.
მობილობა განხორციელდება საერთაშორისო კვირეულის International Staff Week 2026-ის ფარგლებში, რომელიც 2026 წლის 15-19 ივნისს პოლონეთის ქალაქ გლივიცეში, სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ახალი ტექნოლოგიების ცენტრში გაიმართება. კვირეულის თემაა “მწვანე და ცირკულარული საუნივერსიტეტო კამპუსი: ხედვიდან პრაქტიკამდე“ (Green and Circular University Campus – From Vision to Practice).
პროგრამა ორგანიზებულია სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის საერთაშორისო მობილობის ოფისისა და ენერგეტიკისა და გარემოს ინჟინერიის ფაკულტეტის თანამშრომლობით. იგი აერთიანებს აკადემიურ, პრაქტიკულ და ქსელურ კომპონენტებს. მონაწილეები გაეცნობიან მწვანე და ცირკულარული უნივერსიტეტის კონცეფციას, ჯანსაღი საუნივერსიტეტო გარემოს საკითხებს, გარემოსა და ჰაერის ხარისხის მონიტორინგის თანამედროვე მიდგომებს, ცირკულარული რესურსების მართვის პრაქტიკებს, ბიონარჩენების და ბიოგაზის მიმართულებებს, ასევე კამპუსში დანერგილ მწვანე ენერგეტიკულ გადაწყვეტებს. პროგრამა ასევე მოიცავს მონაწილეთა პრეზენტაციებს, კამპუსის და ქალაქის დათვალიერებას, მისასალმებელ ვახშამს, სასწავლო ვიზიტს, ქსელურ აქტივობებს, “ერაზმუსის” სტუდენტების სესიასა და დახურვის ცერემონიას.
შეფასების კრიტერიუმები:
კონკურსი განკუთვნილია ადმინისტრაციული პერსონალისთვის. მობილობის ხანგრძლივობა შეადგენს 7 დღეს და მოიცავს 5 სამუშაო დღესა და 2 მგზავრობის დღეს. შერჩეული მონაწილეები დაფინანსდებიან ერაზმუს+ KA171-ის ფარგლებში.
კონკურსის პირობები:
- განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 27 აპრილი, 12:00 საათი.
- ინგლისური ენის ტესტირება ჩატარდება 2026 წლის 29 აპრილს, 12:00 საათზე
- ხოლო ტრენინგ მობილობის გეგმის პრეზენტაცია და გასაუბრება გაიმართება 2026 წლის 1 მაისს.
საბოლოო შედეგები გამოცხადდება იმავე დღეს, სამუშაო დღის ბოლომდე.
შერჩევა განხორციელდება ორ ეტაპად.
პირველ ეტაპზე კონკურსანტები გაივლიან ინგლისური ენის ტესტირებას B2 დონის შესაბამისად.
ინგლისური ენის საგამოცდო საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში შედიან:
1. ეკატერინე ვაწაძე, დარგის (ინგლისური ენის) სპეციალისტი და კომისიის თავმჯდომარე
2. ქრისტინე ჭოხონელიძე, დარგის (ინგლისური ენის) სპეციალისტი და კომისიის წევრი
3. თამარ მარდალეიშვილი, დარგის (ინგლისური ენის) სპეციალისტი და კომისიის წევრი.
მეორე ეტაპზე კანდიდატები წარადგენენ ტრენინგ მობილობის გეგმას და გაივლიან გასაუბრებას ინგლისურ ენაზე.
შესარჩევ კომისიაში არიან:
- საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი – თათია დოლიძე
- საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მენეჯერი – მაკა ცერცვაძე
- სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის დეკანი – თეონა გრიგოლაშვილი.
დაინტერესებულმა თანამშრომლებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა შემდეგ ბმულზე:
https://forms.gle/DYa6ToWBbgsDdwFa7