სხვადასხვა

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” კონფუცის კლასი სტუდენტები ჩინეთში საგაზაფხულო ბანაკში გაემგზავრებიან

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” კონფუცის კლასი სტუდენტებისთვის საერთაშორისო საგაზაფხულო ბანაკს გამართავს, რომელიც მიზნად ისახავს ჩინური ენის სწავლების განვითარებას, კულტურული გაცვლის ხელშეწყობასა და საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერებას.

საგაზაფხულო ბანაკი გაიმართება 2026 წლის 15–21 მაისს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სინძიანის ავტონომიური რეგიონის ტერიტორიაზე. პროგრამა განხორციელდება Xinjiang Medical University-თან თანამშრომლობით, სადაც მონაწილე სტუდენტები საგანმანათლებლო, კულტურულ და პრაქტიკულ აქტივობებში მიიღებენ მონაწილეობას უნივერსიტეტის Xuelianshan-ის კამპუსში.

პროგრამის ფარგლებში სტუდენტები გაიუმჯობესებენ ჩინური ენის ცოდნას და უშუალოდ გაეცნობიან ჩინურ ტრადიციებს და კულტურას. სასწავლო პროგრამა ითვალისწინებს,როგორც  აკადემიურ სწავლებასა, ასევე კულტურულ აქტივობებს.

დაგეგმილი აქტივობები მოიცავს:

  • ჩინური ენის პრაქტიკულ გაკვეთილებსა და თემატურ დისკუსიებს
  • ჩინეთის სახელმწიფოებრივი და რეგიონული თავისებურებების გაცნობას
  • ტრადიციული ჩინური მედიცინის გამოცდილებით სწავლებას
  • ჩინური მხატვრობის, კალიგრაფიისა და ტრადიციულ ცეკვის ვორქშოპებს
  • ჩაის კულტურისა და ნაკეთობების მასტერკლასებს

პროგრამის მონაწილეები, ასევე ეწვევიან სინძიანის რეგიონის მნიშვნელოვან ისტორიულ და კულტურულ ღირსშესანიშნაობებს.

სასწავლო ტური მოიცავს საერთაშორისო გრანდ ბაზრის, ავტონომიური რეგიონის მუზეუმისა და ტურფანის რეგიონის მონახულებას, სადაც სტუდენტები დაათვალიერებენ სუ გონგის პაგოდას, უძველეს კარეზის სარწყავ სისტემას, „ცეცხლოვან მთებსა“ და ვაზის ხეობას – აბრეშუმის გზის ისტორიულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ უნიკალურ ადგილებს.

საზაფხულო ბანაკი დასრულდება შემაჯამებელი ცერემონიით სახელწოდებით „Realizing Dreams in China“, რომლის ფარგლებში სტუდენტები წარადგენენ საკუთარ გამოცდილებასა და მიღებულ ცოდნას.

აღნიშნული ინიციატივა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” კონფუცის კლასის მიზანს, ხელი შეუწყოს, საქართველოსა და ჩინეთს შორის საგანმანათლებლო თანამშრომლობის გაღრმავებას, რაც სტუდენტებს საერთაშორისო აკადემიურ გამოცდილებასა და დაუვიწყარ კულტურულ მოგზაურობას შესთავაზებს.