18–22 აგვისტოს ნორვეგიის კუნძულ უტოიაზე, Utøya Democracy Learning Center-ში, სრულად დაფინანსებული საერთაშორისო ტრენინგკურსი ჩატარდა.
პროექტი “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის“, საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების Be.long და Utøya Democracy Learning Center-ის მხარდაჭერით იყო ორგანიზებული.
ხუთდღიანი ტრენინგის ფარგლებში სტუდენტებმა არაფორმალური განათლების მეთოდებით ცოდნა გაიღრმავეს კრიტიკული აზროვნების, მედიაწიგნიერების, სამოქალაქო ცნობიერებისა და დიალოგის საკითხებში. შეხვედრები ინტერაქტიურ ფორმატში მიმდინარეობდა, მათ შორის როლური თამაშებით, დეზინფორმაციის ამოცნობით და სხვა პრაქტიკული სავარჯიშოებით.
ტრენინგის მონაწილეები ასევე შეხვდნენ ნორვეგიის საერთაშორისო განვითარების მინისტრს ასმუნდ გროვერ აუკრუსტს (Åsmund Grøver Aukrust), რომელთანაც იმსჯელეს საერთაშორისო სოლიდარობის მნიშვნელობაზე დღევანდელ მსოფლიოში.
პროექტის დასასრულს სტუდენტებმა გამართეს პრეზენტაცია საქართველოს შესახებ, სადაც ნორვეგიელ მონაწილეებს გააცნეს ქართული კულტურა – ტრადიციული ცეკვები და სიმღერები, ღვინის დაყენების უნიკალური ტრადიციები, ასევე ისაუბრეს ნორვეგიასა და საქართველოს საერთო ისტორიასა და ღირებულებებზე.