“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტისა და სამეცნიერო კვლევითი აქტივობის ხელშეწყობის ცენტრის ორგანიზებით, უნივერსიტეტში მიმდინარე სამეცნიერო კვირეულის ფარგლებში, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესის და სამართლის ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა თეა ვალიშვილმა ლექცია თემაზე – “მარკეტინგული კვლევის ძირითადი ასპექტები” ჩაატარა.
ლექციის ფარგლებში მომხსენებელმა ისაუბრა მარკეტინგული კვლევის არსზე, მის მნიშვნელობასა და ძირითად ეტაპებზე. ასევე განიხილა მომხმარებელთა ქცევის შესწავლის მეთოდები, ბაზრის ანალიზის ინსტრუმენტები და მარკეტინგული კვლევის როლი ეფექტური ბიზნესგადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბრენდის მნიშვნელობას, მის ჩამოყალიბებასა და განვითარებას, ასევე იმ ფაქტორებს, რომლებიც ბრენდის ცნობადობასა და მომხმარებელთა ლოიალობის ზრდას განაპირობებს.
ლექციის დასრულების შემდეგ სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაესვათ შეკითხვები, ემსჯელათ თემასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე და მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხების შესახებ.