სხვადასხვა

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” დოქტორანტმა ველიკო ტირნოვოს უნივერსიტეტის სადოქტორო საზაფხულო სკოლაში მიიღო მონაწილეობა

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” ეკონომიკის პროგრამის დოქტორანტმა ნინა რაჟამაშვილმა “ერაზმუს+” პროგრამის ფარგლებში 16–29 აპრილს მონაწილეობა მიიღო სადოქტორო საზაფხულო სკოლაში, რომელსაც ბულგარეთში, ველიკო ტირნოვოს წმინდა კირილესა და მეთოდეს სახელობის უნივერსიტეტმა უმასპინძლა.

სადოქტორო საზაფხულო სკოლის ძირითადი თემები მოიცავდა აკადემიურ კომუნიკაციას, კვლევითი უნარების განვითარებას და პროფესიულ ზრდას. პროგრამა  ლექციებსა და სემინარებსაც ითვალისწინებდა, სადოქტორო ნაშრომების პრეზენტაციებსა და დისკუსიებს, ასევე კულტურულ აქტივობებს, მათ შორის ცარევეცის ციხესიმაგრის მონახულებას.

პროგრამაში მონაწილეობდნენ წარმომადგენლები სხვადასხვა უნივერსიტეტიდან და ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან, ბულგარეთიდან, ეგვიპტიდან, მაროკოდან და ბოსნია და ჰერცეგოვინადან.

საზაფხულო სკოლის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სამეცნიერო კვლევის სტრუქტურა, სოციალური მედიის გამოყენება სამეცნიერო საქმიანობაში, ინგლისური ენა როგორც აკადემიური კომუნიკაციის საშუალება, ხელოვნური ინტელექტის როლი განათლებაში, ასევე ბულგარეთის ისტორია, კულტურა და ხელოვნება.

ვიზიტის ფარგლებში ნინა რაჟამაშვილმა მონაწილეებს წარუდგინა საქართველო და ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი, განსაკუთრებული აქცენტით კულტურულ და საგანმანათლებლო შესაძლებლობებზე. მან ასევე წარადგინა თავისი სადოქტორო ნაშრომის თემა – “მიწის ბაზარი და მისი გაუმჯობესების გზები“, რომლის ფარგლებშიც ისაუბრა კვლევის რესურსებზე, დაგეგმილ აქტივობებსა და მოსალოდნელ შედეგებზე.

სადოქტორო საზაფხულო სკოლაში მონაწილეობამ ხელი შეუწყო, “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის”, საერთაშორისო აკადემიური კავშირების გაღრმავებას და პარტნიორ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის გაძლიერებას.